საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით,
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამა დაწყებითი სკოლის (I-VI კლასები) ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებისთვის“ - ახორციელებს.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის მიზანი დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის სწავლებისა და მოსწავლეების შედეგების გაუმჯობესებაა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტის ფარგლებში, დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებლებს, ჩაუტარდებათ ინოვაციური ტრენინგ-პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების შესახებ.
ასევე, განხორციელდება სკოლის ბაზაზე არსებული უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა. პროექტის ფარგლებში შემუშავდება მშობელთა ჩართულობის ეფექტური სტრატეგიები. ამასთანავე, სკოლები მიიღებენ მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს, როგორიცაა საკითხავი მასალა მოსწავლეებისთვის, მანიპულატივები მათემატიკის სწავლებისთვის, თვალსაჩინოებები და შეფასების ინსტრუმენტები. სკოლებს ასევე გადაეცემათ სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა.
პროექტის საპილოტე ეტაპი 2013 წლის თებერვალში დაიწყება და 2014 წლის ივნისში დასრულდება. თავდაპირველად საქართველოს მასშტაბით, მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა 121 სკოლას მიეცემა.
