კულტურის მინისტრი იმერეთსა და სვანეთს ესტუმრება
კულტურის მინისტრი იმერეთსა და სვანეთს ესტუმრება
18:13 07.12.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია და მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, ხვალ იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებს ეწვევიან.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრი და მისი მოადგილე სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმის ახლად დასრულებულ შენობას დაათვალიერებენ და ადგილზე გაეცნობიან პირობებს, თუ რამდენადაა მზად სამუზეუმო სივრცე ექსპოზიციის გასამართად და მუზეუმის საგანძურის დასაბრუნებლად.

ასევე, ადგილზე შეამოწმებენ მესტიის ყოფილი სამუსიკო სკოლის შენობაში, საგანძურის დაცვის პირობებს და სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორსა და მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდებიან.

სვანეთში ვიზიტს საფუძვლად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში, სამოქალაქო საზოგადოებისა და საპატრიარქოსთან შექმნილი კომისიის მიმართვები დაედო, სადაც საგანძურის შენახვის დარღვეულ პირობებსა და საგანძურისთვის შექმნილ არაშესაფერის გარემოზეა საუბარი.

ბეჭდვა