საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, დედაქალაქში გამწვანების ზონების სამშენებლო ზონებად გადაქცევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მერიას რეკომენდაციებით მიმართავს.
განცხადების ტექსტს „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„თბილისის მოსახლეობის შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე  მოუწესრიგებელი და დაგეგმვას მოკლებული მშენებლობების გამო დედაქალაქის გამწვანებული ტერიტორიები სამშენებლო ზონებად იქცა.
სამწუხარო რეალობაა, რომ თბილისის ურბანული განვითარება ხშირად მწვანე ზონების ფართობის მნიშვნელოვნად შემცირების ხარჯზე ხდება. ქალაქის გენერალური გეგმის ბოლო მონაცემების თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ადგილი 5,6 კვადრატულ მეტრს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც 80-იანი წლების ამავე მაჩვენებელს (13,0მ2), ასევე არსებული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმას (11მ2).
იმის ფონზე, რომ დედაქალაქში იზრდება ავტოტრანსპორტის რიცხვი, რაც თბილისში ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს წარმოადგენს, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, შენარჩუნდეს და გაიზარდოს  მწვანე საფარი, რომლის ფუნქციებიც ესთეტიკური მხარის გარდა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და ხმაურის შემცირებაა.   
ბოლო პერიოდში, მოსახლეობამ არაერთხელ მოგვმართა მწვანე ზონების შემცირებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების თხოვნით. გარემოს დაცვის სამინისტროს პირდაპირ დაინტერესებას წარმოადგენს ურბანული განვითარების დაგეგმვის დროს სათანადო ყურადღება მიექცეს და ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად განიხილებოდეს ქალაქის გაფართოებული საზღვრების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის  მწვანე ზონების შენარჩუნებისა და  შექმნის საკითხი. 
შესაბამისად, გარემოს დაცვის სამინისტრო მიმართავს  თბილისის მერიას, ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში უზრუნველყოფილ იქნეს  ყველა ალტერნატიული ვარიანტის განხილვა, ე.წ. „ნულოვანი“ ალტერნატივის ჩათვლით და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს მწვანე საფარის შენარჩუნების თვალსაზრისით მისაღები პროექტების სასარგებლოდ, ასევე ურბანული განვითარების გენერალურ გეგმებში ადეკვატურად იქნეს ასახული დამატებითი მწვანე ზონების განვითარების საკითხები და უზრუნველყოფილ იქნეს  ურბანული განვითარების დაგეგმარების პროცესის საჯაროობა კანონმდებლობის შესაბამისად და გადაწყვეტილების მიღება მოხდეს დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში“ - ნათქვამია მინისტრის განცხადებაში. 
გარემოს დაცვის სამინისტრო  მზადყოფნას გამოთქვამს კომპეტენციის ფარგლებში თბილისის მერიასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       