8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა, რომელსაც სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც აღნიშნავენ.
დღესასწაულთან დაკავშირებით, 8 მარტი ოფიციალურად დასვენების დღედააა გამოცხადებული.
ქალთა დღესასწაული თავდაპირველად პოლიტიკურ დატვირთვას ატარებდა. 1889 წელს გამართულ მეორე ინტერნაციონალურ ყრილობაზე, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი კლარა ცეტკინი, მამაკაცებთან თანასწორუფლებიანობისთვის ბრძოლის მიზნით, მსოფლიოს ქალების გაერთიანების წინადადებით გამოვიდა.
1907 წელს შტუტგარდში, კლარა ცეტკინის ინიციატივით, სოციალისტ ქალთა პირველი საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა. ქალთა მოძრაობის კოორდინირების მიზნით, კონფერენციის მონაწილეებმა საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს. შტაბ-ბინა შტუტგარდში შეირჩა. ორგანიზაციის წევრებმა თავი ფემინისტებად გამოაცხადეს და სპეციალური ჟურნალის გამოცემაც დაიწყეს.
1910 წლის 8 მარტს, ქალაქ კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა მეორე კონფერენცია ჩატარდა, რომელშიც 17 ქვეყნის 100 დელეგატი მონაწილეობდა. კლარა ცეტკინი ინიციატივით გამოვიდა, ამ დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს მშრომელ ქალთა სოლიდარობა აღნიშნულიყო.
1911 წელს ქალთა დღესასწაული პირველად ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში აღინიშნა.
