აფხაზთიდან დევნილი 64 ოჯახი დღეიდან, რეაბილიტირებულ ბინებში  იცხოვრებს.   
ქუთაისში, ყოფილი მუსიკალური სკოლა-ინტერნატის შენობა, სადაც იძულებით გადაადგილებული პირები შესახლდნენ, გერმანიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით გარემონტდა. რეაბილიტაციამდე კი დევნილები აღნიშნულ ობიექტში საკმაოდ ცუდ პირობებში ცხოვრობდნენ. 
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გარდა ამისა, იმავე ეზოში დევნილებისათვის  ოთხსართულიანი კორპუსიც აშენდა. მთლიანობაში, კი  დღეს ახალი ბინის გასაღები 64-მა ოჯახმა მიიღო.
სამინისტროს ინფორმაციითვე, ფართის განაწილება  სულადობის მიხედვით მოხდა. 
თითოეულ ოჯახს კი, პროექტის ფარგლებში ახალ ბინებში გაზქურა, გამათბობელი და  წყლის ავზი დახვდა.
დევნილებს ბინის გასაღებები ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ გადასცა. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       