საქველმოქმედო აქცია „ბედნიერი დღეები მაკდონალდსში“-ს შედეგად შეგროვილი თანხა „კიბოს კვლევის ცენტრს - მარტინ დ.აბელოფის ლაბორატორიას“ გადაეცემა.     
აქციის შედეგები დღეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე „მაკდონალდსის“ ფილიალში დაგეგმილი პრესკონფერენციის დროს შეჯამდება. 
„მაკდონალდსის“ მენეჯმენტის ინფორმაციით, აქციის შედეგად შეგროვილი თანხა ამჯერად სიმსივნით დაავადებული 5 ბავშვის დიაგნოსტიკას, კვლევას და მკურნალობას მოხმარდება. ამასთან კიბოს კვლევის ცენტრი თავის მხრივ, ბავშვებს საშუალებას მისცემს 14 ათას ლარამდე ღირებულების სამკურნალო პროცედურები და კვლევები ჩაიტარონ.
„ამ მასშტაბურ პროექტში ყოველწლიურად საქართველოც ერთვება და სიამოვნებით უწყობს ხელს სიმსივნით დაავადებული ან სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის თანხების შეგროვებას. 20 ნოემბერს, აქციის ფარგლებში, „მაკდონალდსის“ ყველა რესტორანთან დამონტაჟდა სპეციალური ფოტოკაბინები „გაიღე ღიმილი“.  ფოტოს გადაღება  კი ამ მხიარულ ფოტოკაბინაში სულ 2 ლარი ღირდა. ამასთანავე, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია, სადაც ღილაკ „დაეხმარე“-ზე თითოეული დაწკაპუნებისას „მაკდონალდსი“ თავის მხრივ საქველმოქმედო ანგარიშზე 10 თეთრს რიცხავდა. აქციამ 10 დღე გასტანა. ვიმედოვნებთ, რომ ცენტრს ჩვენი საქველმოქმედო აქციის შედეგად მოგროვილი თანხა არაერთი სასიკეთო მიზნის განხორციელებაში დაეხმარება, მით უფრო, რომ საქმე ამ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოების ყველაზე უმცროს წარმომადგენლებს ეხებათ, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან “- აცხადებს „მაკდონალდსის“ დირექტორი თენგიზ კაპანაძე. 
„კიბოს კვლევის ცენტრი - მარტინ დ.აბელოფის ლაბორატორიის“ მესვეურების განცხადებით კი, ასეთი ტიპის ქველმოქმედება სიმსივნით დაავადებული ბავშვებისათვის საუკეთესო საჩუქარია, ვინაიდან ისინი აღნიშნული თანხით არაერთი სამედიცინო პროცედურის ჩატარებას შეძლებენ.
„მოხარული ვართ, რომ „მაკდონალდსმა“ ასეთი საქველმოქმედო აქცია სწორედ ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვების დასახმარებლად ჩაატარა. ასეთი დაავადებების მქონე ბავშვებს არაერთი სამედიცინო კვლევა თუ მანიპულაცია ესაჭიროებათ, გადმოცემული თანხაც სწორედ აქეთ იქნება მიმართული. მადლობას ვუხდით „მაკდონალდს“, რომ სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვა მათი პრიორიტეტია“- აცხადებს კიბოს კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრე თავართქილაძე.
აქცია „ბედნიერი დღეები მაკდონალდსში“ ყოველწლიურად ტარდება და  მსოფლიოს მასშტაბით კომპანიის მიერ განხორციელებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს წარმოადგენს. აქცია ყოველწლიურად მსოფლიოს 119 ქვეყანაში მდებარე 34,000 რესტორანში ერთდროულად ტარდება. 
შემაჯამებელი პრესკონფერენცია დღეს 12 საათზე ჩატარდება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       