თანამემამულის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მოხდება
თანამემამულის მინიჭებაზე განაცხადის წარდგენა ონლაინ რეჟიმში მოხდება
18:27 07.03.2012
უცხოეთში მყოფი მოქალაქეები თანამემამულის სტატუსის მინიჭებაზე განაცხადს ონლაინ რეჟიმში წარადგენენ.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაპუნა დავითაიამ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უმასპინძლა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სტატუსის მისაღებად განაცხადის ელექტრონულად წარდგენის პროცედურა გააცნო.

"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონი ძალაში 2012 წლის 1 მარტს შევიდა.

კანონი უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განსაზღვრას და შესაბამისი ორგანოების დასკვნების საფუძველზე თანამემამულის დამადასტურებელი მოწმობის გაცემას ითვალისწინებს.

კანონის თანახმად, თანამემამულის სტატუსის მქონე უცხოეთის მოქალაქეებს გარკვეული პრივილეგიები მიენიჭებათ. ისინი შეძლებენ განსაზღვრული ვადით იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, საშუალება ექნებათ წარმოადგენდნენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს სპორტის ამა თუ იმ სახეობაში. ზოგად და უმაღლეს განათლებას კი, სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღებენ.


ბეჭდვა