სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა
16:57 29.11.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ვაჟა-ფშაველას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ქართველ და უცხოელ კალიგრაფთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

უნივერსიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპოზიციაში ქართველებთან ერთად იაპონელი, იტალიელი, ნორვეგიელი, კოლუმბიელი, პერუელი, რუსი, უკრაინელი, გერმანელი და არგენტინელი პროფესიონალი კალიგრაფების 120-ზე მეტი ექსპონატი გამოიფინა, მათ შორის იყო პოემები, ლექსები და ფრაზები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან.

„წარმოდგენილი გამოფენა ჩარგლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოვიტანეთ. ვაჟას სიტყვის დახატვა ძალიან დიდი რისკია. გამოფენილ ექსპონატებს შევკრებთ და წიგნად გამოვცემთ “ -აღნიშნა ვაჟა-ფშაველას საზოგადოების თავმჯდომარემ ლელა რაზიკაშვილმა.

2011 წელს UNESCO-ს ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრებმა ვაჟა-ფშაველას პოემების მიხედვით შესრულებული ხელნაწერი წიგნები მოამზადეს. პროექტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან პროფესიონალი კალიგრაფები შეუერთდნენ, რომლებმაც ვაჟა-ფშაველას ლექსების მიხედვით კალიგრაფიული ნამუშევრები შექმნეს.

ბეჭდვა