თბილისის იუსტიციის სახლი დღეს ნორვეგიული დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს. 
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ნორვეგიელ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ყველა მათთვის საინტერესო კითხვაზე მიეღოთ პასუხი, სურვილის შემთხვევაში კი სერვისების მიწოდების პროცედურას დაკვირვებოდნენ. 
ვიზიტის ბოლოს ნორვეგიის იუსტიციის სამინისტროსა და  NORLAG-ის მისიის  წარმომადგენლებმა ქართული რეფორმების თემაზე შექმნილი ფილმი „მომავლის საქართველო“ ნახეს. სამახსოვრო საჩუქრებად კი იუსტიციის სახლისაგან სიმბოლური პასპორტები და საიმიჯო აქსესუარები მიიღეს.
სამინისტროს ინფორმაციის თანახმადვე, იუსტიციის სახლი სერვისების მიწოდების სრულიად ახალი კონცეფციის მქონე საჯარო დაწესებულებაა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გარდა, სხვა უწყებების სერვისებსაც აერთიანებს და მოქალაქეს გამარტივებულად და კომფორტულად სთავაზობს. მოქალაქეების დაახლოებით 90%-ს რიგში დგომა 5 წუთზე ნაკლები უწევს, ლოდინის საშუალო ხანგრძლივობა კი 45 წამიდან წუთნახევრამდე მერყეობს.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       