ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ხვალ, ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ქართველ და უცხოელ კალიგრაფთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.    
ექსპოზიციაში ქართველებთან ერთად იაპონელი, იტალიელი, ნორვეგიელი, კოლუმბიელი, პერუელი, რუსი, უკრაინელი, გერმანელი, არგენტინელი, პროფესიონალი კალიგრაფების 120-ზე მეტი ექსპონატი გამოიფინება. მათ შორის პოემები, ლექსები და ფრაზები ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან. 
2011 წელს UNESCO-ს ეგიდით ვაჟა-ფშაველას 150 წლის იუბილე მსოფლიო მასშტაბით აღინიშნა.
 ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მხატვარ-კალიგრაფთა კავშირის წევრებმა ვაჟა-ფშაველას პოემების მიხედვით შესრულებული ხელნაწერი წიგნები მოამზადეს. პროექტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან პროფესიონალი კალიგრაფები შეუერთდნენ, რომლებმაც ვაჟა-ფშაველას ლექსების მიხედვით კალიგრაფიული ნამუშევრები  შექმნეს. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                 
	 
                       