საქართველოს ძიუდოს ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა 10 დეკემბრისთვის გადაიდო.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გადაწყვეტილება საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის გადატანის შესახებ, დღევანდელ ყრილობაზე იქნა მიღებული.
ყრილობაში ხმის მიცემის უფლების მქონე 51 დელეგატიდან 27 მონაწილეობდა. ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტობაზე განაცხადი ორმა კანდიდატმა - მამუკა ხაბარელმა და დავით ხახალეიშვილმა გააკეთა, თუმცა ორივე კანდიდატმა კანდიდატურები მოხსნა.
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ყრილობის წამყვანმა და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა - ვლადიმერ ნუცუბიძემ დღის წესრიგში არჩევნების თარიღის გადატანის საკითხი დასვა. არჩევნების ახალ თარიღად 10 დეკემბერი დასახელდა, განაცხადების შეტანის ბოლო ვადად კი 7 დეკემბერი განისაზღვრა.
ასევე გარკვეული კორექტივები შევიდა აღმასკომის ხმის მიცემის მქონე დელეგატთა შორისაც. ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი საკუთარი სურვილით დატოვეს ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა - გიორგი ალექსიძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე - დავით ნამგალაურმა, აღმასკომმა უფლებამოსილება შეუჩერა მერაბ ჩიქობავას და გიორგი უდესიანს.
ყრილობას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი - ირაკლი დოილაბერიძე და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდული კომიტეტის თავმჯდომარე - ლერი ხაბელოვი.
ახალი ხელმძღვანელი ძიუდოს ფედერაციას მომდევნო 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
