ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა” ახალი კვლევის შესახებ პრეზენტაციას გამართავს
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა” ახალი კვლევის შესახებ პრეზენტაციას გამართავს
14:56 22.11.2012
ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ თავისი ახალი კვლევის შესახებ, „განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლება, თანამედროვე მიდგომები და საქართველოს გამოწვევები“ პრეზენტაციას გამართავს.

ასოციაციის ინფორმაციით, „მწვანე ალტერნატივის“ ახალ კვლევაში აღწერილია განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლების მიმართ საერთაშორისო მიდგომები, გაანალიზებულია ამავე სფეროში
საქართველოში მოქმედი პოლიტიკა, კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობა, ასევე, წარმოდგენილია რეკომენდაციები უახლოეს მომავალში გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ.

„იძულებითი განსახლება, როგორც წესი, უკავშირდება სახლის თავშესაფრის, შემოსავლის, მიწის, საარსებო გარემოს, ქონების, რესურსებსა და მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის დაკარგვას. იძულებითი განსახლება შეიძლება მოჰყვეს როგორც ბუნებრივ კატასტროფებსა და კონფლიქტებს, ისე განვითარების პროექტებს. უკანასკნელ წლებში საქართველოში არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ ტურიზმის ხელშემწყობი პროექტი განხორციელდა, რომელთაც დადებით შედეგებთან ერთად, ხშირად თან ახლდა პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანების იძულებითი განსახლება“ - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი, ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო და მას ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ ახორციელებს .



ბეჭდვა