ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს, სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2012“ დაჯილდოების საღამო გაიმართება.
იმპროვიზაციული ტურის 10 მონაწილიდან ჟიურის წევრებმა სამი საუკეთესო მოთხრობის ავტორი შეარჩიეს, რომლებიც უნივერსიტეტის მიერ დაწესებულ ფულად პრემიას და კომპანია „ჯეოსელის“ სპეციალურ პრიზებს მიიღებენ. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს კი, შესაბამისად 700 და 500 ლარი გადაეცემათ.
ლიტერატურული კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდა. I ტურმა სტარტი სწავლის დაწყების დღეს-17 სექტემბერს აიღო და სამი კვირის განმვალობაში ტარდებოდა. კონკურსში მონაწილეობას თბილისში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ. 196 კონკურსანტიდან ჟიურიმ 10 ფინალისტი გამოავლინა. ჟიურის შემადგენლობაში თანამედროვე ქართველი მწერლები შედიან.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენლები, კონკურსის ჟიურის წევრები და მონაწილეები დაესწრებიან.
ღონისძიება დღეს 18:00 საათზე გაიმართება.
