საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ხვალ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იაპონიის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
საქართველოს ნაკრები მეტოქეს საბრძოლო შემადგენლობით ხვდება, თუმცა ტრავმების გამო გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე - ვასილ კაკოვინი, ჯაბა ბრეგვაძე, გიორგი ჩხაიძე და დიმიტრი ბასილაია გამოაკლდა.
დღეს „ბორჯღალოსნებმა” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლო ვარჯიში გამართეს, შემდეგ კი მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შეკითხვებს უპასუხეს.
„ყველა ამბიციური მწვრთნელი თვლის, რომ ნებისმიერითამაშის წინ გუნდი არასაკმარისად არის მომზადებული, თუმც ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ სრულფასოვან მზადებაში ძალიან დაგვეხმარა საფრანგეთში გავლილი შეკრება. თამაშის წინ არ მინდა ჩვენს სისუტეებზე ვილაპარაკო, მთავარია როგორ გამოვიყენებთ ჩვენს ძლიერ მხარეებს“ - განაცხადა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.
ნაკრების კაპიტნის ირაკლი აბუსერიძის თქმით, იაპონიას ძლიერი გუნდი ჰყავს და საქართველოს რთული თამაში ელის.
იაპონიის ნაკრები შვიდივე მსოფლიოს თასის მონაწილეა და მსოფლიო რაგბიში ყველასთვის ანგარიშსაწევ ძალად ითვლება.
