საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, დღეს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, ღონისძიებას გახსნიან საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ტატა
ხუნწარია და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა.
ღონისძიების ფარგლებში, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი 2012 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის სფეროში არსებულ მიღწევებსა და პრობლემებს მიმოიხილავს, რის შემდეგაც გაიმართება ჟურნალისტურ კონკურსში ”ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებული ჟურნალისტების გამოვლენა და დაჯილდოება. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები კი, ტრადიციულად „ტოლერანტობის ქომაგებს“ დააჯილდოებენ.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და
არასამთავრობო ორგანიზაციების და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით იმართება.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.
