გარემოს დაცვის მინისტრი, ხათუნა გოგალაძე და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლები, დღეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულს და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს მოინახულებენ და აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ პრობლემებს შეისწავლიან.
გარემოს დაცვის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სოფელ გეზრულის მოსახლეობა ტყის გაჩეხვას აპროტესტებს. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ლიცენზირებული კომპანია შპს „ვუდ ექსპორტი“ (Wood Export Ltd) 1000 ჰექტარმიწის ტერიტორიაზე ტყის უკანონო ჭრას აწარმოებს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს მოსახლეობა კი აცხადებს, რომ სს „საქართველოს რკინიგზა“-ს მიერ რკინიგზის ხაზის მშენებლობის პროცესი საფრთხეს უქმნის აღნიშნული სოფლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიურ მდგომარეობას.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით,შეცვლილია პროექტით გათვალისწინებული რკინიგზის ხაზის მშენებლობის მარშრუტი. ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე რკინიგზის ხაზის სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია.
