სამაუწყებლო კომპანია რადიო „ჰერეთი“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს ირაკლი ჩიქოვანს და კომისიის წევრებს დაკავებული თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებს.
რადიო „ჰერეთი“ მედიით გავრცელებულ ირაკლი ჩიქოვანის ფარულ ჩანაწერს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს დამოუკიდებელ ბიზნესში უხეშ ჩარევასთან.
„აღნიშნული ფარული ჩანაწერებიდან გამომდინარე, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ სამაუწყებლო სიხშირეების გაცემა საქართველოში ხდებოდა გარიგებებით. სწორედ ამის შედეგია, რომ რადიო “ჰერეთს” დღემდე არ აქვს რადიომაუწყებლობის განხორციელების უფლება დედაქალაქში“ - ნათქვამია კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რადიო „ჰერეთში“ მიიჩნევენ, რომ წლის 30 სექტემბერს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ არასამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა, როდესაც თბილისში მაუწყებლობის უფლება კანონის უხეში დარღვევით შპს "მედია ჰაუს დეკომს" მიანიჭა.
„ჰერეთი“ მოუწოდებს სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში მიიღოს აღნიშნული გარემოებები და ობიექტური გადაწყვეტილება გამოიტანოს 7 ნოემბერს დაგეგმილ სასამართლო პროცესზე.
ქართულ საინფორმაციო საშუალებებში ფარული აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიქოვანი"კავკაზუს ონლაინის" იურისტებს ესაუბრება. მათი საუბრიდან ირკვევა, რომ "კავკაზუსი" საკაბელო ტელევიზიის არხებს პირატულად ავრცელებს, ჩიქოვანი კი ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო.
