ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   საიათნოვას 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, კონფერენციაზე საიათნოვას შემოქმედებით დაინტერესებულმა ქართველმა და სომეხმა მკვლევარებმა მოხსენებები წაიკითხეს.
კონფერენცია  თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გახსნა.
„დღევანდელი ღონისძიება საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საიათნოვას შემოქმედება. ქართველი და სომეხი მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები წარმოაჩენს საიათნოვას, როგორც ჩვენი ორი ერის გამაერთიანებელი მოვლენის მნიშვნელობას“ - განაცხადა მან.
ღონისძიებას თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ლევონ ანანიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„მნიშვნელოვანია, რომ ერევნის შემდეგ საიათნოვას იუბილე თბილისში განსაკუთრებული ხიბლით აღინიშნება. ეს ხალხთა შორის მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია“- აღნიშნა  სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰოვანეს მანუკიანმა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       