თბილისის მერიასთან გამართული საპროტესტო აქციის შემდეგ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა ნაწილმა გუშინ საღამოს ნაძალადევის რაიონის შემოსავლების  
სამსახურის შენობასთან გადაინაცვლა და მისი რამდენიმე სართული თვითნებურად დაიკავა. 
სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ მათ მერიას რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა, დაპირებების მიუხედავად, არავინ დახმარებია. 
შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ შენობაში მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ინახება, ამიტომ მათ დახმარებისთვის შესაბამის ორგანოს მიმართეს. 
„აქ ინახება შემოსავლების სამსახურის საბაჟო და საგადასახადო დოკუმენტაცია. შესაბამისად, ეს არის სტრატეგიული დანიშნულების შენობა. ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ზომები და დაგვიცვან შემოჭრისგან“-განაცხადა საარქივო სამსახურის უფროსმა ქეთევან რამიშვილმა.
მოგვიანებით, ადგილზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ახლადდანიშნული მინისტრი დავით დარახველიძე მივიდა. მან სოციალურად დაუცველებს აუხსნა, რომ შენობაში მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია ინახება და მათი დაზიანებისგან თავშეკავება სთხოვა. 
მინისტრმა პასუხისმგებლობა მერიას და მის სოციალურ სამსახურებს დააკისრა.
 
 სოციალურად დაუცველთა ნაწილი ამ დრომდე შენობაში რჩება.
აქცია გუშინ თბილისის მერისთან გაიამართა. აქციის მონაწილეები საცხოვრებელი ფართების გადაცემას ითხოვდნენ. სოციალურად დაუცველებს მერიის სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი მემუკა ქაცარავა შეხვდა და დახმარებას დაპირდა. 
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       