მწვერვალ თეთნულდზე ლიტველი ალპინისტი ტომას ტალიუნასი დაიკარგა. როგორც „ნიუსპრესს“ მესტიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა 
ვიქტორ მარგიანმა განუცხადა, დაკარგული ალპინისტის სამძებრო და სამაშველო ოპერაცია უამინდობის გამო ვერ ტარდება. 
ალპინისტის  ძებნა დაახლოებით 4 000 – 4 200 მეტრის სიმაღლეზე უნდა განხორციელდეს.  
„ოპერაციის ჩატარება უკვე დაგვიანებულია, მთაში დიდი თოვლი მოვიდა და ახლა მაშველთა ჯგუფის გაშვება სიკვდილის ტოლფასია. თუ გამოიდარა, შესაძლოა, მხოლოდ ვერტმფრენით მოხერხდეს გარკვეული ტერიტორიის დათვალიერება“ - აღნიშნა მარგიანმა.
სამაშველო ჯგუფის ხელმძღვანელის გიორგი ნიგურიანის თქმით, მას ცოტა ხნის წინ ლიტვიდან დაუკავშირდენენ და აცნობეს, რომ დაკარგულ ალპინისტს ეძებენ, რომელიც დაახლოებით ერთი თვეა მთაში იმყოფება. 
მაშველები მიიჩნევენ, რომ ალპინისტი უკვე დაღუპულია, ხოლო ცხედრის სამძებრო ოპერაცია სავარაუდოდ, გაზაფხულამდე ვეღარ ჩატარდება.     
 
 
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       