„გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი“ ტყე-პარკების გაჩეხვის შეჩერებას მოითხოვს
„გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფი“ ტყე-პარკების გაჩეხვის შეჩერებას მოითხოვს
17:21 24.10.2012
ორგანიზაცია „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა“ თბილისის მერიასთან აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ მერიამ დაუყოვნებლივ შეაჩეროს დედაქალქის ტერიტორიაზე არსებულ ტყე-პარკებში მშენებლობაზე ნებართვის გაცემა.

როგორც აქციის ორგანიზატორმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, მათ თბილისის მერს აღნიშნული მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა, მისივე თქმით, მერია ტყე-პარკების ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვების გაცემას აგრძელებს.

„დღეისთვის თბილისის ტერიტორიაზე გაჩეხილია კიკვიძის ბაღი, იპოდრომის ტერიტორია, ვაკის პარკი. მერიის ნებართვით, ამ ტერიტორიებზე გაურკვეველი დანიშნულების შენობების აგება იგეგმება. ეს არის ეკოციდი და მასში უშუალოდ გიგი უგულავა მონაწილეობს. ამიტომ ის სათანადოდ უნდა დაისაჯოს“ - განაცხადა ჩხარტიშვილმა.

როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირინა ქათამაძემ განუცხადა, ისედაც დაბინძურებულ გარემოში, მოჭრილ ხეებს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა.

„ჩვენ არ გვჭირდება გზები და შენობები ჰაერის ნაცვლად. მე იპოდრომთან ახლოს ვცხოვრობ და ის პარკი, სადაც აქამდე დასვენება შეგვეძლო, ამჟამად გაჩეხილია“ - განაცხადა ირინა ქათამაძემ.

აქციის მონაწილეებმა, მერიის კანცელარიაში თბილისის მერის გიგი უგულავას სახელზე ხერხი დატოვეს.

ბეჭდვა