ემიგრანტთა არასამთავრობო ორგანიზაცია „ლიბერალური კვალი საქართველოს“ საქართველოს ელჩის დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძის უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვს.
აღნიშნული მოთხოვნით ორგანიზაცია საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობის შემსრულებელს გრიგოლ ვაშაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს მაია ფანჯიკიძეს, სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს დიასპორასთან ურთიერთობის დარგში პაპუნა დავითაიას და მინისტრობის კანდიდატს კონსტანტინე სურგულაძეს მიმართავს.
„ციხეების შემზარავი კადრების გავრცელების მეორე დღეს მთელმა საქართველომ, მასმედიის საშუალებით იხილა თუ რა რეპლიკით მიმართა საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში გიორგი ბადრიძემ ლონდონში საქართველოს საელჩოსთან პროტესტის გამოსახატად შეკრებილ ემიგრანტებს. „ცოცხი გაიკეთე უკან“ – ეს იყო ის ფრაზა, რომლითაც მან აქციის მონაწილეებს მათთან გასაუბრებამდე მიმართა“ - აცხადებენ ორგანიზაციაში და აღნიშნავენ, რომ ორგანიზაცია, ისევე, როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა, გმობს ამ ფაქტს.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს ელჩის ასეთი არაპროფესიონალიზმი და ხალხის სიძულვილი სირცხვილია არა მხოლოდ ემიგრანტთათვის, არამედ ზოგადად ქართველი ხალხისათვის.
ამასთან, ორგანიზაცია მოითხოვს შესაბამისმა პირებმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოზიცია ღიად დააფიქსირონ.
„ჩვენ, მრავალი ემიგრანტის სახელით ვითხოვთ მოხდეს გიორგი ბადრიძის
თანამდებობრივი უფლებამოსილების შეწყვეტა და პარალელურად, ამ ფაქტის კომენტირება. ასევე, ვითხოვთ მკვეთრად დაფიქსირდეს სამინისტროს, მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის და მინისტრობის კანდიდატების პოზიცია რადგან მიგვაჩნია, რომ ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის ფორმირება მსგავს შემთხვევებზე ხელს შეუწყობს მაღალპროფესიული დიპლომატიური ეთიკის დამკვიდრებას” - ნათქვამია მიმართვაში.
