თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
08:56 24.10.2012
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საერთაშორისო კონფერენცია - „კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის“ გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, კონფერენციაზე ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე, იმ პედაგოგიური მეთოდების შესახებ თემებს განიხილავენ, რომელიც სტუდენტებს შორის კულტურულ და ეთნიკურ ურთიერთგაგებას შეუწყობს ხელს.

ღონისძიებაზე ასევე, ისრაელისა და საქართველოს კულტურებისთვის დამახასიათებელ სპეციფიურ საკითხებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროგრამების განვითარების პროცესებზე ისაუბრებენ.

„კურიკულუმის რეფორმის საერთაშორისო მოდელის შემუშავება მულტიკულტურული განათლებისა და კულტურული მრავალფეროვნების სწავლებისთვის“ ტემპუსის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია, რომელსაც თსუ-სთან ერთად, ისრაელის გორდონის განათლების აკადემიური კოლეჯი წარადგენს.

ღონისძიებაში პროექტის უცხოელი და ქართველი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. კონფერენცია 28 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა