საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის
დაბრუნების საკითხში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილია ჩარეული.
მისი თქმით, ამის შესახებ მას ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, არსებობს „დიდი გონივრული ეჭვი“ და ივანიშვილის ეს ქმედება მისასალმებელია.
„არ ვიცი როგორ მოხდა ეს, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ ამაში პირდაპირ არის ჩარეული ბიძინა ივანიშვილი, თუმცა, ზუსტად არ ვიცი. მინდა მას საქციელი შევუქო, რადგან ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის „იმედის“ დაბრუნება, ეს არის მთელი საქართველოსთვის იმედის დაბრუნება“ - განაცხადა ხაინდრავამ და დასძინა, რომ ქვეყანაში სამართლიანი პროცესები დაიწყო და ეს შეუქცევადი იქნება.
ამასთან, ხაინდრავას განცხადებით, ის პირები, ვინც ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეკომპანია „იმედს“ დაეპატრონენ, მარადიორები არიან და აღნიშნულ საქმეში კითხვის ნიშნები ჯერ კიდევ არსებობს.
„ადამიანები, რომლებიც გარდაცვლილს ძარცვავენ არიან მარადიორები. არველაძე, უგულავა, სააკაშვილი, ჯოზეფ ქეი მარადიორები არიან. წაართვეს ყველაფერი, რისი წართმევაც შეიძლებოდა და მერე ვაჭრუკანები ნელ-ნელა ევაჭრებოდნენ მათ საკუთარ ქონებას“ - განაცხადა ხაინდრავამ და დასძინა, რომ ჯერ კიდევ გაურკვევლია რუსი ბიზნესმენის ბორის ბერეზოვსკის როლი ამ საქმეში და ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს.
ტელეკომპანია „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს რამდენიმე დღის წინ გადაეცა.
