გოგა ხაინდრავა - გურამ შარაძის მკვლელობის საქმე ადეიშვილმა „მოქსოვა“
გოგა ხაინდრავა - გურამ შარაძის მკვლელობის საქმე ადეიშვილმა „მოქსოვა“
15:38 23.10.2012
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში პასუხისმგებლობას იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს აკისრებს.

როგორც მან „მაესტროს“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შარაძის მკვლელობის საქმე ზურაბ ადეიშვილმა „მოქსოვა“, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ბარათელი კი, უდანაშაულოა.

„ეს იყო ობობას ქსელი, რომელიც ზურაბ ადეიშვილმა „მოქსოვა“ და რომელმაც ამ ქვეყნიდან უკვე „მოცოცხა“. მას ჰგონია, რომ სადმე შეაფარებს თავს. ნურავინ იფიქრებს, რომ ერთი მათგანიც კი, როგორი მფარველებიც უნდა ჰყავდეთ დასავლეთში, ჩრდილოეთში თუ მთელ მსოფლიოში, გადაურჩება ქართველი ხალხის რისხვას“ - განაცხადა ხაინდრავამ.

მისი თქმით, არსებობს მკვლელობის ამსახველი ვიდეოფირიც, სადაც გიორგი ბარათელი საერთოდ არ ფიგურირებს.

როგორც ხაინდრავამ აღნიშნა, მკვლელობა სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ოფისის ვიდეოკამაერამ დააფიქსირა.

„საკმარისია იმ ფირის ნახვა, რომელმაც დააფიქსირა გურამ შარაძის მკვლელობის ფაქტი და დარწმუნდებით, რომ ბარათელი იქ არ ფიგურირებს. როდესაც გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე ამბობს, რომ ბარათელი არ არის მამამისის მკვლელი, საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, რატომ ამბობს ამას. თუ იგი დარწმუნებულია, რომ მამამისი ამ ადამიანმა ასე სასტიკად მოკლა, რატომ იქნება მისი მფარველი“ - განაცხადა ხაინდრავამ.

გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისის საღამოს, თბილისის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

სამართალდამცავების განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი შემთხვევიდან ცოტა ხანში ახლომდებარე ქუჩაზე დაიჭირეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის გიორგი ბარათელი, რომელსაც ბრალად წაუყენეს გურამ შარაძის მკვლელობა, შემთხვევის დროს მსუბუქად დაიჭრა. ის შარაძის შვილის მეგობარი იყო.

ბეჭდვა