ორგანიზაცია „ლიბერალური კვალი საქართველო“ დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩის თანამდებობასთან შესაბამისობის საკითხის გადახედვას მოითხოვს.  
ამის შესახებ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის კოტე სურგულაძის სახელზე, „ლიბერალური კვალი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 
განცხადების თანახმად, ციხეების შემზარავი კადრების გავრცელებიდან მეორე დღეს, მასმედიის საშუალებით მთელმა საქართველომ იხილა თუ რა რეპლიკით მიმართა გიორგი ბადრიძემ ლონდონში საქართველოს საელჩოსთან პროტესტის გამოხატვის მიზნით შეკრებილ ემიგრანტებს.
„ჩვენი ორგანიზაცია ისევე, როგორც სრულიად საქართველოს მოსახლეობა, აღნიშნულ ფაქტს ვგმობთ და ვთვლით, რომ საქართველოს ელჩის ასეთი არაპროფესიონალიზმი და ხალხის სიძულვილი არა მხოლოდ ემიგრანტებისთვისაა სირცხვილი, არამედ, სრულიად საქართველოს საზოგადოებისთვის“ - ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის წარმომადგენლები კოტე სურგულაძეს სთხოვენ, მინისტრად დამტკიცებისთანავე ბადრიძის ამგვარ ქმედებაზე რეაგირება მოახდინოს.
მათივე თქმით, ფაქტზე რეაგირება დიასპორისა და დიასპორასთან დამოკიდებულების გაჯანსაღების პროცესს ხელს შეუწყობს. 
ამასთან, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თანამდებობიდან ბადრიძის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. 
ლონდონში საქართველოს საელჩოსთან ქართველი ემიგრანტების აქციაზე, სადაც მისი მონაწილეები ციხეებში პატიმრების წამებას აპროტესტებდნენ, საქართველოს ელჩმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       