საჯარო რეესტრის სააგენტოს ახალი პროექტი, სარეკლამო განცხადებებთან დაკავშირებით, მედიაორგანიზაციებს არახელსაყრელ გარემოს უქმნის. ამის შესახებ ორგანიზაცია
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო" აცხადებს.
"მცირე რეკლამები და პირადი განცხადებები უძრავი ქონების და მომსახურების შესახებ, გაზეთებისთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მაშინ, როდესაც ერთი გაზეთი "24 საათი" უფასოდ თავის სარეკლამო სივრცეს გვთავაზობს, ხოლო ამ სივრცის უკან სახელმწიფო ფინანსები და მენეჯმენტია, სხვა გაზეთებისთვის და ინტერნეტ გვერდებისთვის რეკლამების მოზიდვა სულ უფრო რთული ხდება. სამთავრობო სააგენტომ ამ პროექტით მედიაორგანიზაციებს არახელსაყრელი გარემო შეუქმნა,"- განმარტავენ ორგანიზაციაში.
მათი ცნობით, საჯარო რეესტრის პროექტით, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს შეუძლიათ სააგენტოს ტელეფონით ან ფოსტით განცხადებები მიაწოდონ, მხოლოდ გაზეთი "24 საათი" სარგებლობს. ის გარანტირებულ შემოსავლებსაც იღებს და საჯარო რეესტრის სააგენტოს პრომოაქციებით ცნობადობასაც იმაღლებს.
"2011 წლის ივლისში საჯარო რეესტრმა უძრავი ქონების რეკლამის შესყიდვაზე ნაციონალური გაზეთებისთვის ტენდერი გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ტენდერის პროცედურა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონს არ ეწინააღმდეგებოდა, ნათელი იყო, რომ ის საგანგებოდ "24 საათს" მოარგეს. გაზეთი "24 საათი" პროსახელისუფლებო ბეჭვდურ მედიად მიიჩნევა. საბოლოოდ შპს "ბონტომ" წააგო შპს MVP-სთან. სწორედ MVP ფლობს "24 საათს". მან 120 960 ლარის ღირებულების კონტრაქტი მოიგო,"- აცხადებენ ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოში".
