სს „თელასში” დასაქმებულთა პროფკავშირი ხვალ გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობს. როგორც „ნიუსპრესს“ საქართველოს პროფესიული კავშირების 
გაერთიანებიდან აცნობეს, გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყება. 
საპროტესტო აქციის მონაწილეები სს „თელასის” ცენტრალურ ოფისთან შეიკრიბებიან და ადმინისტრაციისგან მოითხოვენ პასუხებს რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად წაყენებულ მოთხოვნებზე. 
სს „თელასის” მუშაკთა პროფკავშირს მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მისი თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი და გაერთიანების წევრი ყველა დარგობრივი პროფკავშირი. 
პროფკავშირების ცნობით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში სს „თელასის” მუშაკთა პროფკავშირი კანონით დადგენილ ვადებში სრულმასშტაბიან და უვადო გაფიცვას დაიწყებს.
პროფკავშირები აფრთხილებს სს „თელასის” ადმინისტრაციის ყველა წარმომადგენელს, ყველა დონის მენეჯერს, რომ გაფიცვაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზნით თანამშრომლებზე ზეწოლა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, ხოლო ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში პროფკავშირები შესაბამისი მოთხოვნით დაუყოვნებლივ მიმართავს პროკურატურას დამნაშავე პირების წინააღმდეგ საქმის აღძვრის მოთხოვნით. 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       