საზოგადოებრივი მაუწყებელი „პიკთან“ საქმიან კონტაქტებს აჩერებს
საზოგადოებრივი მაუწყებელი „პიკთან“ საქმიან კონტაქტებს აჩერებს
13:29 20.10.2012
საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტელეკომპანია „პიკთან“ საქმიანი კონტაქტების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, ტელეკომპანია „პიკის“ თანამშრომელთა ერთმა ნაწილმა, თვითნებურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ეთერში ხელფასების დაგვიანების მიზეზით პროტესტი გამოხატა. საზოგადოებრივი მაუწყებელი აღნიშნულს „გაუგებარ დემარშს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ამას დაემატა ისიც, რომ განხორციელდა მაუწყებლის მესამე არხის ტელესიგნალის არასანქცირებული აწევა იმ სატელიტზე, რომელთანაც საზოგადოებრივ მაუწყებელს შეწყვეტილი ჰქონდა ურთიერთობა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული პრობლემების შესახებ კომპანიის მენეჯმენტს აცნობა და გააფრთხილა, რომ ხელშეკრულების პირობების შემდგომი დარღვევა გამოიწვევდა ურთიერთობების გადახედვას.

„წერილის პასუხად, 17 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელს მომართა ტელეკომპანია "პიკის" გენერალურმა დირექტორმა. წერილის თანახმად, იგი ვალდებულებას იღებდა საქმის კურსში ჩაეყენებინა კომპანიის დამფუძნებლები. 18 ოქტომბერს მაუწყებელს ტელეკომპანია "პიკის" გენერალურმა დირექტორმა მომართა თხოვნით, რომ კომპანიის პარტნიორებთან შეთანხმებით შეჩერებულიყო მაუწყებელსა და "პიკს" შორის არსებული ხელშეკრულებები და დაწყებულიყო მოლაპარაკებები.
მაუწყებელი წერილობით გამოეხმაურა ამ თხოვნას და ურთიერთობების შემდგომ გარკვევამდე შეაჩერა "პიკთან" საქმიანი კონტაქტები“-აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება კომპანია "გლობქასტთან" საზოგადოებრივი მაუწყებლის ურთიერთობას, განცხადების თანახმად, ამ კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობების შეჩერებაზე გადაწყვეტილება მაუწყებელმა 11 ოქტომბერს მიიღო.
საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებაში ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეტენზიასაც ეხმაურება, რომელიც მაუწყებლის საქმიანობის გაუმჭვირვალობას ეხება.
„ჩვენი საქმიანობის ამსახველი ყველა ანგარიში (მათ შორის ფინანსური) განთავსებულია მაუწყებლის ვებგვერდზე, იქვეა განთავსებული სამეურვეო საბჭოს სხდობემის ამსახველი ყველა ვიდეოჩანაწერი და საზოგადოებისთვის საინტერესო სხვა ინფორმაცია. მზად ვართ, ყურადღებით მოვისმინოთ ყველა კონკრეტული პრეტენზია იმის შესახებ, თუ როდის, რა ვითარებაში და ვის ეთქვა უარი საჯარო ინფორმაციის მიღებაზე, ასევე მზად ვართ ნებისმიერ დროს განხორციელდეს მაუწყებლის საქმიანობის როგორც სახელმწიფო, ისე დამოუკიდებელი კერძო აუდიტი“- ნათქვამი საზოგადოებრივი მუწყებლის განცხადებაში.

ბეჭდვა