ტელეკომპანია „იმედი“ ამ დროისთვის არც ერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ არხის საპროდიუსერო
ჯგუფში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, არხის დატოვებას არც ერთი ჟურნალისტი  არ აპირებს. 
მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანიამ საინფორმაციო გამოშვებები დროებით შეაჩერა, გადამღები ჯგუფები ქვეყანაში განვითარებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენების გადაღებას მაინც აწარმოებენ. 
რაც შეეხება ტელეკომპანიის პატარკაციშვილების ოჯახისთვის გადაბარების პროცესს, ასევე, ხელმძღვანელობის ცვლილებას,  საპროდიუსეროში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები მენეჯმენტის დონეზე იმართება და დეტალების შესახებ ინფორმაცია მათ არ აქვთ. თანამშრომლებმა არც ის იციან, თუ როდის აღდგება არხზე საინფორმაციო გამოშვებები. 
ტელეკომპანია „იმედის“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნების შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. საინფორმაციო გამოშვების შეჩერების გადაწყვეტილება სწორედ არხის ახალმა მენეჯმენტმა მიიღო.
როგორც პატარკაციშვილები აცხადებენ, ყველაფერს გააკეთებენ, რათა ტელეკომპანიამ საზოგადოებას ობიექტური და დაბალანსებული ინფორმაცია მიაწოდოს. ამასთან, ახალმა მფლობელებმა ყველა თანამშრომელს, „ვინც მიიჩნევს, რომ „იმედზე“ არ უნდა მუშაობდეს“, არხის თავისი ნებით დატოვებისკენ მოუწოდეს. 
 ტელეკოპანია უკვე დატოვა ნანუკა ჟორჟოლიანმა. გადაწყვეტილების მიზეზად კი მან ის „ადამიანური უხერხულობა“ დაასახელა, რომელიც შესაძლოა, ახალ მფლობელებს არხზე მისმა ყოფნამ შეუქმნას. 
 
ტელეკომპანია „იმედის“  ერთპიროვნულ მფლობელად  2011 წლის 29 დეკემბრიდან   კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ითვლებოდა, რომლის ერთ-ერთი მეწილე ეკომონიკის ყოფილი მინისტრი გიორგი არველაძეა. ის ასევე „იმედის“ გენერალური დირექტორიც იყო, თუმცა თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გადადგა.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიის ხელმძღვანელად  ჟურნალისტი  რეზო  საყევარიშვილი ინიშნება. 
 
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       