სტუდენტური მოძრაობა „რეაქტორის“ წევრ, სტუდენტ ბექა გადაბაძეს დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ მოძრაობა „ლაბორატორია 1918“-ის წევრმა გიორგი ჩუბინიძემ განუცხადა, ბექა გადაბაძე სავარაუდოდ, თსუ-ს თვითმმართველობის წევრებმა სცემეს.
მისი თქმით, გადაბაძე „ლაბორატორია 1918“-ის საპროტესტო აქციებზე დადიოდა და თვითმმართველობის საქმიანობას ერთად აპროტესტებდნენ.
„თვითმმართველობის წარმომადგენლებმა რატომღაც ბექა ამოიჩემეს. მას ფიზიკურად უკვე რამდენჯერმე გაუსწორდნენ. დღეს ის მეოთხედ სცემეს“ - განაცხადა ჩუბინიძემ.
მისი თქმით, უნივერსიტეტის თვითმმართველობა თავის საქმიანობას სათანადოდ ვერ ასრულებს და საგანმანათლებლო საკითხებზე ზრუნვის ნაცვლად, სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებზე ზრუნავს. 
 
როგორც „ფეისბუქზე“ „ლაბორატორია 1918“-ის გვერდზეა აღნიშნული, „რეაქტორის“ წევრი დაახლოებით 17:00 საათზე სცემეს. 
„როგორც ბექა ამბობს, მათ შორის თვითმმართველობის წევრები ამოიცნო. დაცვის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს. ამჟამად, ბექა მსუბუქი დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი“ - აცხადებენ „ლაბორატორია 1918“-ის წარმომადგენლები. 
მათივე თქმით, დაცვის თანამშრომლების ინფორმაციით, ცემის ფაქტი  სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რომელიც  გამოძიებას გადაეცემა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       