არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს
მინისტრებისა და საჯარო მოხელეების კანდიდატურების შერჩევისას სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებენ.
ამის შესახებ არასამთავრობო სექტორის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განსაკუთრებულ აქცენტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად წარდგენილ დავით დარახველიძეზე აკეთებენ.  
„არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რადგან მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ასევე,
აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულობებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს“-ნათქვამია განცხადებაში.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გადახედოს დარახველიძის კანდიდატურას და უფრო მეტი სიფრთხილე და პრინციპულობა გამოიჩინოს სხვადასხვა თანამდებობაზე დასანიშნი საჯარო მოხელეების შერჩევისას. ამასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საჯარო მოხელეებსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, საკუთარ გამონათქვამებს  მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ.
განცხადებას ხელს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია“, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“, „მრავალეროვანი საქართველო“, „მწვანე ალტერნატივა“, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, ნათია კუპრაშვილი და ლაშა ტუღუში აწერენ.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       