მთაწმინდის პარკში 21 ოქტომბერს პროექტი „ჩემი ფუნიკულიორი” დაიწყება. 
როგორც „ნიუსპრესს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, პროექტის ინიციატორები „მთაწმინდის პარკის” ადმინისტრაცია და „თიბისი არტ გალერეა” არიან.
პროექტის მიზანია ე.წ. ფუნიკულიორის ბაღის, „თბილისი პარკის“ პოპულარიზაცია და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელთათვის ახალი არტ-სივრცის შექმნა.
ორგანიზატორების ცნობით, ეს არის მცდელობა დაფუძნდეს ერთგვარი თბილისური მონმარტრი, სადაც ქართველ არტისტებს საშუალება ექნებათ იმუშაონ და დამსვენებლებთან ურთიერთობების საშუალება ჰქონდეთ.
პროექტის მთავარი იდეაა, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეთა აქტიური ჩართვა პარკის რეაბილიტაციის საქმეში და მისთვის კულტურული ფუნქციის დაბრუნება. 
პროექტი არ შემოიფარგლება ერთჯერადი აქციით და გათვლილია კულტურულ ღონისძიებებზე, რომელიც გულისხმობს ვიზუალური ხელოვნების, მუსიკის, დრამატული ხელოვნების წარმომადგენელთა მოწვევით „თბილისი პარკში“ მნიშვნელოვანი კულტურული ტრადიციების აღორძინებას.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
	
                       