„ლიბერთი ბანკის“ ყოფილი მფლობელების დღეს გამართული პრესკონფერენცია ხმაურით დასრულდა. მას შემდეგ, რაც ბანკის ყოფილმა აქციონერმა გიორგი
გუგაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, პრესკონფერენციაზე რესტორან „სოხუმის“ ყოფილი მეპატრონეები გია გაბუნია და გია დანელია მივიდნენ, რომლებმაც ბანკის ყოფილ მფლობელს საჯაროდ მოსთხოვეს პასუხი - თუ რატომ გაყიდა „სახალხო ბანკმა“ რესტორანი „სოხუმი“.
როგორც დანელიამ განაცხადა, რესტორნის მფლობელები გარანტად დაუდგნენ მოქალაქეს, რომელსაც ბანკის ვალი 180 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა.
„ამ ადამიანმა ეს თანხა ვერ გადაიხადა. ამიტომ დაეკისრა ჯარიმები და დერიცხა პროცენტები. მას სხვა ვალებიც ჰქონდა. ბანკმა კი, 180 ათასი დოლარის ნაცვლად, ჩვენ მოგვთხოვა მთლიანი ვალის გადახდა“-აღნიშნა დანელიამ.
მისივე თქმით, საბოლოოდ რესტორანი „სოხუმი“ აუქციონზე მოხვდა და ის „ლიბერთი ბანკმა“ შეიძინა.
რესტორნის ყოფილი მეპატრონეების თქმით, „სოხუმი“ დღესდღეობით ფორმალურად ერთ-ერთ ებრაელ ბიზნესმენზეა გაფორმებული, თუმცა, რეალურად სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნეს ჯგუფის ხელშია.
რესტორნის ყოფილი მეპატრონეები აცხადებენ, რომ გიორგი გოგუაძეს, რომელსაც დღეს თავი სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლად მოაქვს, დიდი უკანონობა აქვს ჩადენილი.
„ჩვენ მას შეხვედრა რამდენჯერმე ვთხოვეთ, მაგრმ არ შეგვხვდა. როდესაც გავიგე, რომ ის დღეს პრესკონფერენციას მართავდა მოვედი, რომ ვკითხო რატომ გამიყიდა რესტორანი“-განაცხადა გია გაბუნიამ.
გოგუაძემ პასუხისგან თავი შეიკავა და შეხვედრა დატოვა.
რესტორნის ყოფილი მეპატრონეები იმედოვნებენ, რომ ახალი ხელისუფლება აღნიშნულ საქმეს გამოიძიებს და მათ ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდებათ.
