„თელასის“ ყოფილ თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დახმარებას დაპირდა
„თელასის“ ყოფილ თანამშრომლებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დახმარებას დაპირდა
12:58 19.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან კომპანია „თელასის“ ყოფილი თანამშრომლების აქციის მონაწილეებს კოალიციის ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი დავით ფაცაცია შეხვდა.

ფაცაციამ „თელასის“ ყოფილ თანამშრომლებს ურჩია, რომ მათ განცხადებით აუცილებლად მიმართონ პროკურატურას.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „თელასის“ გენერალური დრექტორის ზურაბ არსოშვილის პირადი მოთხოვნით, კომპანიიდნ 150-ე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორებით ჩაანაცვლეს.

„პროფესიონალები, რომლებიც „თელასში“ წლებია მუშაობენ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს და მათ ნაცვლად, გამოუცდელი ახალგაზრდები დანიშნეს, რომლებიც მიზნობრივად გამოიყენეს“ - განაცხადა ფაცაციამ და დასძინა, რომ თანხები, რომლებიც მათ ხელფასის სახით ერიცხებოდათ, „ნაციონალური მოძრაობის“ დასახმარებლად უნდა მიმართულიყო.

„აქ ორი გარემოება ვლინდება. პირველი ეს არის პროფესიონალების გათავისუფლება მათი სამუშაო ადგილებიდან და მეორე „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორების „თელასში“ დასაქმება. ამას ყველაფერს გამოძიება და პროკურატურა დაადგენს. ყოფილი თანამშრომლების მიმართ სამართლიანობა უნდა აღდგეს და სამსახურში დაბრუნდნენ“ - განაცხადა დავით ფაცაციამ.

„ქართული ოცნების“ ოფისის წინ „თელასის“ თანამშრომლების აქცია უკვე დასრულებულია. მათ კომპანიის კრწანისის სერვისცენტრთან გადაინაცვლეს, სადაც აქციას მართავენ.

კომპანიის ყოფილი თანამშრომლები „თელასის“ ხელმძღვანელობის შეცვლას და სამსახურებში აღდგენას ითხოვენ.



ბეჭდვა