„ამტელ ჰოსპიტალ“ I კლინიკური საავადმყოფოს თანამშრომლები კლინიკასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის აღდგენას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით ჰოსპიტალის 40-მდე თანამშრომელმა აქცია გამართა.
აქციის მონაწილეების განცხადებით, კლინიკასთან მისასვლელი საფეხმავლო გზის ტერიტორია კერძო ინვესტორმა შეიძინა, რის გამოც როგორც მედპერსონალს, ისე პაციენტებს საავადმყოფომდე მისვლასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ.
როგორც საავადმყოფოს დირექტორმა ვახტანგ მაქაცარიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მისთვის ტერიტორიის გასხვისების შესახებ ცნობილი არ იყო და ამის თაობაზე მას შემდეგ შეიტყო, რაც ადგილზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
„აღნიშნული პრობლემა დაუყონებლივ გადასაჭრელია. კლინიკასთან მისასვლელი საფეხმავლო ბილიკის არარსებობა მნიშვნელოვან დისკომფორტს შეუქმნის როგორც პაციენტებს, ასევე, კლინიკის თანამშრომლებს. ამიტომ ვითხოვთ, დაუყონებლივ მოახდინოს რეაგირება იმ ორგანომ, რომელმაც მიწის აღნიშნული მონაკვეთი კერძო ინვესტორზე გაასხვისა“ - განაცხადა მაქაცარიამ და დასძინა, რომ კლინიკასთან მისასვლელი გზის მონაკვეთი საავადმყოფოს უნდა დაუბრუნდეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საავადმყოფოს მედპერსონალი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის წერილობით მიმართვასაც გეგმავს.
