შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დღეს დაინიშნება.
როგორც „ნიუსპრესს“ აკადემიური საბჭოს წევრმა გომარ სიხარულიძემ განუცხადა, მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობა ვაკანტურია, თუმცა, ერთ-ერთ კანდიდატად უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი გოგი მარგველაშვილი განიხილება.
„მოვალეობის შემსრულებლად ყოფილი რექტორი გოგი მარგველაშვილი განიხილება. მას კულტურის სამინისტროს მიერ უფლებამოსილება 6 თვით ადრე უკანონოდ შეუჩერეს“ - განაცხადა სიხარულიძემ.
აკადემიური საბჭოს წევრებმა უნივერტიტეტის რექტორის ნოშრევან ჩხაიძის გადარჩევის საკითხს მხარი გუშინ დაუჭირეს. ფარული კენჭისყრის შედეგად, ჩხაიძეს უფლებამოსილება საბჭოს ექვსივე წევრმა შეუჩერა.
უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა გუშინ გაიმართა. მასზე სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ნოშრევან ჩხაიძესთან დაკავშირებული პრეტენზიები და უნივერსიტეტში არსებული პრობლემები განიხილეს.
აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების განცხადებით, 23 აგვისტოს ჩატარებული რექტორის არჩევნებზე ნოშრევან ჩხაიძე უკანონოდ შემუშავებული წესდებით აირჩიეს, შესაბამისად, ისინი არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ პროტესტი სტუდენტებმაც გამოხატეს. მათ რუსთაველის გამზირი 5 წუთით გადაკეტეს.
