შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომა დახურულია და მასზე უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა და რექტორის ნოშრევან ჩხაიძის მიმართ სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და საბჭოს წევრების პრეტენზიები განიხილება. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა, საბჭოს სხდომაზე რექტორის ხელახალი არჩევის საკითხი დადგეს.
პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილი პროტესტს გამოთქვამს რექტორად ნოშრევან ჩხაიძის არჩევის წესსა და საქმიანობასთან დაკავშირებით. მათი განცხადებით, ჩხაიძის მმართველობის პერიოდში უნივერსიტეტში ცვლილებები არ განხორციელებულა.
პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ რექტორი 23 აგვისტოს არჩევნებზე უკანონოდ შექმნილი წესდებით აირჩიეს, შესაბამისად, მათი მოთხოვნაა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა.
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ნაწილმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტთან საპროტესტო აქცია გამართა. მათ პროტესტის ნიშნად, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
