დეველოპერული კომპანია „ცენტრ პონტის“ მიერ დაზარალებულმა მოქალაქეებმა დღეს პროკურატურასთან აქცია გამართეს და მათ მიერ გადახდილი თანხების შესაბამისად ბინების კუთვნილებაში გადაცემა მოითხოვეს.
როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ორგანიზატორმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, იგი წლებია დაზარალებულებთან ერთად ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას სთხოვს.
„წლებია მე და ეს ადამიანები მოვითხოვთ, რომ სისრულეში იქნას მოყვანილი ის ხელშეკრეულება, რომელიც მათ თავის დროზე „ცენტრ პოინტთან“ გააფორმეს. ის თანხა, რომელიც წლების წინ ბინების აშენების საფასურის სახით გადაიხადეს, „ცენტრ პოინტის“ მესვეურების მიერ უკანონოდ მითვისებულ იქნა. 25 ათასამდე ადამიანი კი, უსახლკაროდ დარჩა, ვინაიდან, „ცენტრ პოინტს“ პარლამენტის ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი ხელმძღვანელობდა, ყოფილმა ხელისულებამ ამ საქმეზე რეაგირება არ მოახდინა“-აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
„2006 წელს „ცენტრ პოინტს“ სრულად გადავუხადე ის თანხა, რაც ჩემი ბინის აშენებისთვის იყო საჭირო, თუმცა, მშენებლობა დაპირებისამებრ 2009 წელს არ დასრულდა და მოტყუებული დავრჩი“ - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გულნაზი ჩაჩავა.
აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ახალი ხელისუფლება და კონკრეტულად პროკურატურა დაუყონებლივ დაინტერესდება მათი პრობლემით.
„ცენტრ პოინტის“ ვალდებულებები მოგვიანებით კომპანია „დექსუსს“ გადაებარა, რომელმაც კომპანიის კლიენტებს დამატებით დღგ-ს 18%-ის გადასახადიც მოსთხოვა. სანამ ისინი აღნიშნულ თანხას არ გადაიხდიან, ბინები მესაკუთრეების იურიდიულ მფლობელობაში არ გადავა.
