„თელასის“ ყოფილი თანამშრომლები 19 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ოფისში განცხადებას შეიტანენ
„თელასის“ ყოფილი თანამშრომლები 19 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ ოფისში განცხადებას შეიტანენ
13:34 17.10.2012
კომპანია „თელასიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლები 19 ოქტომბერს კოალიცია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განცხადებას შეიტანენ და ახალ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

ამის შესახებ „ნიუსპრესს“ კომპანიის ცენტრალური ოფისის წინ მიმდინარე აქციაზე „თელასის“ ავჭალის ბიზნესცენტრის ყოფილმა თანამშრომელმა გია პატარკაციშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, კომპანიის ყველა სერვისცენტრიდან მთლიანობაში 300-მდე თანამშრომელია გათავისუფლებული, რომლებსაც სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები იძულებით დააწერინეს.

„იმ შემთხვევაში თუ განცხადებას ხელს არ მოვაწერდით, პროვოკაციებით გვემუქრებოდნენ. აქამდე გვეშინოდა და ყველაფერს ვითმენდით. ყველას ბანკებიდან სესხი გვაქვს გამოტანილი ახლა კი, ვალებით უმუშევრები დაგვტოვეს“-განაცხადა პატარკაციშვილმა.

მისი თქმით, მისი გათავისუფლების შესახებ განცხადება კომპანიის ხელმძღვანელობამ თავად დაწერა, სადაც აღნიშნული იყო, თითქოს, გათავისუფლებას ოჯახური მდგომარეობის გამო ითხოვდა.

მისივე თქმით, კომპანიის ხელმძღვანელობამ გათავისუფლებული თანამშრომლების ნაცვლად ნათესავები დაასაქმა.
„თანამშრომლებს ტელევიზორის ყურებასაც გვიკრძალავდნენ. მაგალითად, „მაესტროსთვის“ რომ არ გვეყურებინა ტელევიზორი აიღეს და საწყობში შეინახეს“ - განაცხადა პატარკაციშვილმა.

„თელასის“ ყოფილი თანამშრომლები „ქართული ოცნების“ შემდეგ, განცხადებით ენერგეტიკის სამინისტროსა და პროკურატურას მიმართავენ.

„თელასის“ წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია დასრულდა.


ბეჭდვა