საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საეთერო მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემის შესახებ ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ სხვადასხვა მოსაზრებებს ეხმაურება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, კომისიას რამდენიმე კომპანიამ ანალოგურ რეჟიმში საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით მიმართა.
კომისიაში აცხადებენ, რომ ყველა ლიცენზიის მაძიებელს დასაბუთებული პასუხი გაეცა, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით მედიაში სხვადასხვა ვერსიები და მოსაზრებები გავრცელდა, რამაც სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით კომისიის პოზიციაზე საზოგადოების ნაწილში არასწორი ინტერპრეტაციები გამოიწვია.
„აქედან გამომდინარე, გვინდა ვრცლად ვისაუბროთ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რათა საზოგადოებისთვის ნათელი გახდეს ანალოგურ რეჟიმში სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემისგან თავის შეკავების შესახებ კომისიის პოზიცია“ – აცხადებენ კომისიაში.
მათი განმარტებით, საქართველო ITU (International Telecommunication Union)–ს წევრი ქვეყანა 1992 წელს გახდა და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტივების შესრულების ვალდებულება საკუთარ თავზე აიღო. 2006 წელს „ჟენევა–06“ გეგმით ITU-მ მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის განსაზღვრა ანალოგურიდან ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო (Digital Terrestrial Television, DTT) მაუწყებლობაზე გადასვლის აუცილებლობა, თითოეული ქვეყანა დაიყო სამაუწყებლო ციფრულ ზონებად და თითოეულ ზონაში განისაზღვრა ციფრული სატელევიზიო არხების გარკვეული რაოდენობა, რომელიც საქართველოსთვის მოიცავს, როგორც იმ არხებს, რომელიც ამჟამად გამოიყენება მაუწყებლების მიერ ანალოგური სიგნალის გასავრცელებლად, ასევე - იმ თავისუფალ არხებს, რომელებიც ამჟამად არ არის დაკავებული ანალოგური მაუწყებლობის სიგნალით.
კომუნიკაციების კომისიაში აღნიშნავენ, რომ ანალოგური და ციფრული მაუწყებლობისთვის საჭირო სიხშირული რესურსი, მაუწყებლობის ამ ორი სხვადსხვა ტექნოლოგიის სპეციფიკიდან გამომდინარე არ ემთხვევა ერთმანეთს. იმის გამო, რომ საქართველო და საქართველოს მეზობელი ქვეყნები ვალდებულნი არიან (როგორც საკუთარი, ასევე მეზობელი ქვეყნების), ანალოგური სამაუწყებლო სიგნალი დაიცვან ხელის შეშლისაგან 2015 წლის 17 ივნისამდე და ამავდროულად, უზრუნველყონ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს გარდამავალ ეტაპზე ე.წ. Simulcast-ის პერიოდში ანალოგური და ციფრული სამაუწყებლო სიგნალის პარალელურ რეჟიმში გავრცელებას, შეუძლებელი გახდა მეზობელ სახელმწიფოებთან ანალოგური მაუწყებლობისთვის საჭირო სიხშირეების შეთანხმება; ასევე, საგრძნობლად გართულდა ციფრული მაუწყებლობისთვის იმ სიხშირეების შეთანხმება, რომლებიც არ არის განაწილებული „ჟენევა–06“ გეგმით შესაბამისი ქვეყნის სამაუწყებლო ზონის ფარგლებში.
კომისიის ინფორმაციით, Simulcast-ი (პარალელურ რეჟიმში ციფრული და ანალოგური სიგნალის გავრცელება) თავის მხრივ, ასევე, რთულ პროცესს წარმოადგენს, რადგან მეზობელი ქვეყნების ინტერესების გათვალისწინების გარეშეც საჭიროა ერთი ქვეყნის მასშტაბით არსებული სიხშირული რესურსის ფარგლებში სამაუწყებლო არხები განაწილდეს დაცვითი თანაფარდობის შენარჩუნებით ისე, რომ გარდამავალ ეტაპზე არ მოხდეს ციფრულ და ანალოგურ სამაუწყებლო სიგნალებს შორის ელექტრომაგნიტური თავსებადობის დარღვევა როგორც ერთი და იგივე სამაუწყებლო ზონის ფარგლებში, ასევე მომიჯნავე სამაუწყებლო ზონებს შორის.
„აქედან გამომდინარე, ITU–ს წევრმა ქვეყნებმა შეწყვიტეს ანალოგური მაუწყებლობისათვის სიხშირული რესურსის განაწილება/გაცემა და დაიწყეს მათთვის განაწილებული ციფრული სატელევიზიო არხების ფარგლებში იმ სიხშირეების დაგეგმარება და მეზობელ სახელმწიფოებთან შეთანხმება, რომლებიც უნდა გამოიყენონ გარდამავალ ეტაპზე ციფრული მაუწყებლობის დასანერგად“ - აცხადებენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და აღნიშნავენ, რომ ქვეყნის მასშტაბით, ანალოგური მაუწყებლობის სიგნალის საბოლოოდ გათიშვამდე ორი წლით ადრე ანალოგური მაუწყებლობისთვის ახალი არხების გამოყოფა და შესაბამისი სადგურების ტექნიკური პარამეტრების მეზობელ ქვეყნებთან შეთანხმება პრაქტიკულად შეუძლებელია.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თეორიულად დავუშვებთ ამგვარ შესაძლებლობას, გარდამავალ ეტაპზე ციფრული მაუწყებლობისათვის გათვალისწინებული სიხშირული რესურსის შემცირება მიზანშეწონილი არ არის, რადგან იგი კიდევ უფრო შეზღუდავს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ისედაც დაგვიანებულ პროცესს. კომისიაში აღნიშნავენ იმასაც, რომ უმეტეს ქვეყნებში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა განხორციელდა თავდაპირველი ე.წ. ტესტური ზონების მოწყობით, რისთვისაც აუცილებელია დამატებითი თავისუფალი სიხშირული რესურსი, რომელიც, საგრძნობლად იზღუდება გარდამავალ (Simulcast-ის) პერიოდში.
კომისიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კომისიას თავისუფალი სიხშირული რესურსის ეფექტურად განაწილების კუთხით არასწორ მიმართულებად მიაჩნია გარდამავალი ეტაპისთვის უმეტეს სამაუწყებლო ზონაში ისედაც შეზღუდული სიხშირული რესურსის ანალოგური მაუწყებლობისთვის (წარმავალი ტექნოლოგიისთვის) გაცემა, რიგი მაუწყებლების დაჟინებული მოთხოვნის საპასუხოდ, კომისიამ საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU) გადააგზავნა რიგი ანალოგური სატელევიზიო არხების შესაბამისი სადგურების ტექნიკური მახასიათებლები შესათანხმებლად, რათა საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროცედურების დაცვით მოხდეს მათი კოორდინაცია მეზობელ ადმინისტრაციებთან და მეზობელი ქვეყნებიდან.
კომისიაში აცხადებენ, რომ შესაბამისად, საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებიდან (ITU) დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში, კანონიერ საფუძველზე ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის ლეცენზიის მისაღებად კონკურსი გამოცხადდება.
მათივე ცნობით, რაც შეეხება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისათვის საჭირო ნაბიჯებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელა „ჟენევა–06“ გეგმით საქართველოსთვის გამოყოფილი ციფრული სატელევიზიო არხების შესაბამისი სადგურების ტექნიკური პარამეტრების განსაზღვრა, მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაცია და საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანებაში (ITU) დარეგისტრირება.
„თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ დღეისთვის ჯერ არ არის შემუშავებული საქართველოში ციფრული ფორმატის ტელემაუწყებლობაზე გადასვლის საერთო კონცეფცია და სტრატეგია, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და არსებული ანალოგური მაუწყებლების ციფრულ ქსელში გავრცელების საკითხს, ასევე - ანალოგური მაუწყებლობის გათიშვის შემდეგ გამოთავისუფლებული სიხშირეების მიმართ მიდგომას. ასევე, არ არის განსაზღვრული ციფრული სატელევიზიო სტანდარტები, გარდამავალი პერიოდის ხანგრძლივობა, ვადები (სრული გადასვლა ციფრულ მაუწყებლობაზე კი უნდა დასრულდეს 2015 წლის 17 ივნისამდე) და ციფრული მაუწყებლობისათვის განკუთვნილი სიხშირეების (ლიცენზიის) გაცემის სამართლებრივი საფუძვლები, ისევე, როგორც ციფრული მაუწყებლობის ქსელის ოპერატორის შესაძლო ვალდებულებები, რაც უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს როგორც ტექნიკური ხასიათის საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე ციფრული მაუწყებლობის ქსელის უზრუნველსაყოფად შესაბამისი სიხშირული რესურსის გასაცემად“ - აცხადებენ კომისიაში და განმარტავენ რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებათა გათვალისწინებით შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს”; შესაბამისად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის აუცილებელი საკანონმდებლო დოკუმენტი უნდა მომზადდეს სწორედ მთავრობის მიერ, რომელსაც დაამტკიცებს პარლამენტი, რათა კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეძლოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორცილება.
კომისიაში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მიმდინარეობს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) პროექტი, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს სწორედ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შემუშავება და იმ საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მომზადება, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლას.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში, სწორედ მაუწყებლების აქტიური დახმარებით, დასრულდება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიისა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავება, რაც საშუალებას მისცემს კომისიას ციფრული მაუწყებლობის ქსელებისთვის საჭირო სიხშირეები უმოკლეს ვადაში გასცეს.
