„თელასის“ წინ ყოფილი თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს
„თელასის“ წინ ყოფილი თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს
12:57 17.10.2012
კომპანია „თელასის“ წინ ყოფილი თანამშრომლების აქცია მიმდინარეობს.

„თელასიდან“ გათავისუფლებული თანამშრომლები კომპანიის ხელმძღვანელობის გადადგომას და სამსახურში მათ აღდგენას მოითხოვენ.

როგორც „ნიუსპრესს“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ლევან გაგნიძემ განუცხადა, კომპანიიდან დაახლოებით 130 თანამშრომელი გაუშვეს, რომელთაც „თელასის“ გენერალური დირექტორის კურატორებმა, განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ დაშინებით დააწერინეს.

„ზურაბ არსოშვილის დავალებით, კურატორები თანამშრომლებს ემუქრებოდნენ. მუქარის ზარები მათ ოჯახებშიც ისმოდა“ - განაცხადა გაგნიძემ და აღნიშნა, რომ კომპანიიდან მათი გათავისუფლება უკანონოა და შესაბამისად, თანამშრომლები სამსახურში უნდა აღადგინონ.

გაგნიძის თქმით, კომპანიის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ თანამდებობა უნდა დატოვოს, ახალმა კი, სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების მუშაობა შეაფასოს.

„კომპანიის კანცელარიაში განცხადება შევიტანეთ, სადაც „თელასში“ დაბრუნება და ზურაბ არსოშვილის გადადგომა მოვითხოვეთ. თუ არსოშვილი თანამდებობას არ დატოვებს, პროკურატურაში კოლექტიურ განცხადებას შევიტანთ და გამოძიების ჩატარებას მოვითხოვთ“ - აღნიშნა გაგნიძემ.

მისი თქმით, გამოძიების მიხედვით კი, სასამართლო გადაწყვეტს უნდა დარჩეს თუ არა თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილი.

როგორც აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, ისინი კომპანიის ხელმძღვანელობის პასუხს დაელოდებიან და პროკურატურაში განცხადებას ამის შემდეგ შეიტანენ.

ბეჭდვა