ია ანთაძე - მთავარი კითხვაა, რამდენად ნიშნავს „იმედის“ გადაცემა იმას, რომ ხელისუფლებას მასზე ხელი აღარ მიუწვდება
ია ანთაძე - მთავარი კითხვაა, რამდენად ნიშნავს „იმედის“ გადაცემა იმას, რომ ხელისუფლებას მასზე ხელი აღარ მიუწვდება
12:43 17.10.2012
მედიაექსპერტი ია ანთაძე ტელეკომპანია „იმედის“ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნების ფაქტს დადებითად აფასებს, თუმცა, მიიჩნევს, რომ პროცესის კულუარებში განვითარებისთვის გამო საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა.

როგორც ანთაძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, მთავარი კითხვაა, რამდენად ნიშნავს ტელეკომპანიის გადაცემა იმას, რომ ხელისუფლებას მასზე ხელი აღარ მიუწვდება.

„მიმაჩნია, რომ ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს, თუ გვინდა მივხვდეთ, რა იყო ტელეკოპანიის გადაცემის არსი, ვინაიდან ბევრი ეჭვი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რეალურად ჩამოშორდა თუ არა ხელისუფლება „იმედს“. ცხადია, ამას დავინახავთ მისი ფუნქციონირების მიხედვით - ისევ გაიყიდება თუ ამჟამინდელი მფლობელი დაიტოვებს, რა მატერიალურ და ინტელექტუალურ რესურსს დაეფუძნება“ - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკა ამ კითხვებს პასუხს აუცილებლად გასცემს.

ანთაძე ვარაუდობს, რომ „იმედის“ გენერალური დირექტორი გიორგი არველაძე „არსად წასვლას არ გეგმავდა“ და ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მისთვისაც მოულოდნელი იყო.

„ვფიქრობ, ხელისუფლება ამ ტელევიზიის შენარჩუნებას გეგმავდა, ვალებიც ამიტომ ჩამოაწერა“ - აღნიშნა მან.

რაც შეეხება ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეკოპანიის მისი ოჯახისთვის ჩამორთმევის ფაქტის სამართლებრივ შეფასებას, ანთაძე მიიჩნევს, რომ ამისთვის დაინტერესებული მხარე უნდა არსებობდეს.

„პირადად მე მომხრე ვარ, რომ სამართლებრივი შეფასება ყველაფერს მიეცეს, თუმცა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ ასეთი საკითხები სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. ამდენად, უნდა არსებობდეს დაინტერესებული მხარე, რომელიც ამ საკითხს სასამართლომდე მიიტანს. ის, რომ პოლიტიკური ანგარიშწორება არ იქნება, ეფუძნება ამ თეზას - თუ ვინმეს მიაჩნია, რომ მის წინააღმდეგ დაირღვა კანონი და მისი უფლებები შეილახა, სასამართლოს უნდა მიმართოს. „იმედის“ შემთხვევაში თუ გამოჩნდება მომჩივანი, პატარკაციშვილების ოჯახის სახით, ალბათ, სამართლებრივი შეფასება მიეცემა, სხვა შემთხვევაში ყველაფერი დარჩება ისე, როგორც არის“-აღნიშნა მან.

ანთაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც სახელისუფლებო პარტია, მოტივირებული იყო, რომ მედიასივრცე სრულად ეკონტროლებინა. შესაბამისად, ხელისუფლების ცვლილების გამო დღეს მედიაშიც დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.

„ვარდების ხელისუფლების შედეგად მოსული ხელისუფლება ძალიან ერეოდა მედიის საქმეებში და განსაკუთრებით, სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზებას ცდილობდა. დიდი ბრძოლა დასჭირდა საზოგადოებას, რომ ქვეყანაში ერთგვარი „თავისუფლების კუნძულები“ გაჩენილიყო. ახლა კი, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ სახელისუფლებო პარტია აღარ არის, ეს ერთი მხრივ, მის მიერ გაკონტროლებულ მედიებზე აისახა, მეორე მხრივ კი, ის, როგორც ოპოზიციური პარტია, თავისი პოლიტიკის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის სატელევიზო ბერკეტების შენარჩუნებას ცდილობს. ამდენად, ახლა ბრძოლა მიდის“ - აღნიშნა ანთაძემ.

მედიაექსპერტი მიიჩნევს, რომ თავისუფალი მედია პატიოსან ხელისუფლებას ყოველთვის ეხმარება.

„არ შეიძლება ხელისუფლების თვალი და ყური იყოს ყველაგან, მედია კი - ყველგანაა. მაგალითად, ვერც ერთი პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ყველა სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება, მედია კი, ის სეგმენტია, რომელიც კანონდარევებსა და უსამართლობაზე საუბრობს. ამიტომ მგონია, რომ თუ ჩვენ გვეყოლება კეთილსინდისიერი ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, ის თავისუფალი მედიაგარემოს ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა ანთაძემ.

ტელეკომპანია „იმედი“ პატრკაციშვილების ოჯახს უბრუნდება. ოჯახმა ამის შესახებ განცხადება გუშინ გააკეთა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „იმედის“ ამჟამინდელ მფლობელებთან შეთანხმება შედგა და მისი ოჯახისთვის გადაცემის პროცესი დაიწყო.

ტელერადიო კომპანია „იმედის" 100%-იანი წილის მფლობელი „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ იყო. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ აქციების 10%-ს ფლობდა ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი ჯოზეფ ქეი, რომლის ხელშიც აღმოჩნდა, „ტელეიმედი” პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ხოლო კომპანიის 90%-ს - პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რააკ ჯორჯია ჰოლდინგი".





ბეჭდვა