დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება. როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, წყლის
შეწყვეტის მიზეზი მაგისტრალური წყალდენის ზაჰესში, ჰიპერმარკეტ „გუდვილთან“ და დიღმის ველზე რესტორან „ფორტუნას“ მიმდებარედ გამავალი მონაკვეთების დაზიანებაა.
ამ მიზნით, ხვალ 11:00-დან 18 ოქტომბრის 11:00 საათამდე წყალი სოფელ ზურგოვანს, ზაჰესის, დიდი დიღმის, ქოშიგორის, „სასოფლოს“ და ამერიკის საელჩოს მიმდებარე დასახლებებს შეუწყდება.
წყალი ასევე, სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ვაშლიჯვარში „ფარმაკოქიმიას“, დიღმის ველზე განთავსებულ საწარმოებსა და საცხოვრებელ სახლებს, დიღმის მასივის I კვარტლის 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსებს, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოთუასა და ზემო ვეძისის ქუჩებს არ მიეწოდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში, წყალს დაბალი წნევით ვეძისის დასახლება, კანდელაკის, ბუდაპეშტისა და მათი მიმდებარე ქუჩები, ვაჟა-ფშაველას გამზირი - თამარაშვილის ქუჩამდე და ყაზბეგის გამზირის ქვედა ნაწილი მიიღებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან.
