საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი „ბიზნესმენები საქართველოში, თავისუფალი ბიზნესისათვის“ გასულ წლებში ხელისუფლებისგან დაზარალებულ ბიზნესმენებზე საუბრობს.
ორგანიზაციის ცნობით, განსვენებული ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის მეგობარმა გიორგი ჯაოშვილმა თავის დროზე განაცხადა, რომ შსს-ს და ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, აიძულეს ტელეკომპანია „იმედის“ აქციების საკონტროლო პაკეტი ბადრი პატარკაციშვილის ნათესავისთვის ჯოზეფ ქეისთვის დაეთმო.
„ეს ამბავი მოხდა ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ცოტა ხნის შემდეგ - 2008 წლის 19 თებერვალს“ - განაცხადა გიორგი ჯაოშვილმა თბილისში, პატარკაციშვილის ოჯახის რეზიდენციაში, „არკადიაში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
ორგანიზაციის ცნობით, ჯაოშვილმა განმარტა, რომ ის იყო „ტელეიმედის“ საკონტროლო პაკეტის „ნომინალური მფლობელი“ და ამასთან, კომპანია „ლინქსის“ დირექტორი, რომლის 100%-იანი მფლობელი იყო ბადრი პატარკაციშვილი, ხოლო „ლინქსს“ თბილისის მერიასთნ გაფორმებული ჰქონდა შეთანხმება მთაწმინდის პარკის 49 წლით იჯარით აღების თაობაზე.
ჯაოშვილმა პრესკონფერენციაზე აღმოშმა. რომ 2008 წლის 19 თებერვალს, თბილისში, ჯოზეფ ქეიმ მას წარუდგინა პატარკაციშვილის მიერ ხელმოწერილი და ბეჭედდასმული ტექსტი ინგლისურ ენაზე და განუცხადა, რომ ეს არის მინდობილობა, რომელიც ქეის პატარკაციშვილის ქონების განკარგვის უფლებას აძლევდა, ბიზნესმენის გარდაცვალების შემთხვევაში. ჯაოშვილის თქმით, მას აუხსნეს, რომ ტექსტი დამოწმებული იყო ნოტარიუსის მიერ, თუმცა, ის არ იყო ორიგინალი.
„ქეიმ მითხრა, რომ დღეს, 19 თებერვალს მას შეხვედრა აქვს ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, თუმცა, ვიდრე ის ხელისუფლებას შეხვდება, სურს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ გადაიფორმოს“ - თქვა ჯაოშვილმა და აღნიშნა, რომ მას იმ პერიოდში ქეის გულწრფელობაში ეჭვი არც შეუტანია.
უფლებადამცველთა ჯგუფის განმარტებით, ჯაოშვილს საკითხში პირველად ეჭვი მაშინ შეეპარა, როცა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ნოტარიუსის შენობაში, სადაც წილის გადაფორების ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო, შს სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ნახა.
ჯაოშვილმა ხელმოწერამდე ნოტარიუსს განუცხადა, რომ ვინაიდან კომპანია JMG-ს აქციები სასამართლოს მიერ იყო დაყადაღებული, ნებისმიერ აქტზე ხელმოწერა გამოცხადდებოდა ბათილად, მაგრამ ჯაოშვილის განცხადებით, დაახლოებით 2 საათის შემდეგ მოიტანეს 19 თებერვლით დათარიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანიის აქციებზე ყადაღის მოხსნის შესახებ.
ჯაოშვილი ამბობს, რომ ხელმოწერის წინ JMG-ს ერთი აქციის ფასი 40 ლარით განისაზღვრა და საბოლოოდ, დოკუმენტში, კომპანიის აქციათა 70%-ის ღირებულება 450 000 ლარად შეფასდა.
„ამის შემდეგ იძულებული გავხდი ხელი მომეწერა აქციების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებისთვის" - განაცხადა ჯაოშვილმა.
ორგანიზაციის ცნობით, იგივე მისამართს და ნოტარიუსს ასახელებს ტელეგადაცემაში სს „თბილისის საავიაციო ქარხნის“ დამფუძნებელი პანტიკო თორდიაც და მასაც ძალადობრივი გზით კერძოდ კი, პატიმრობაში აყვანის მუქარით ჩამოართვეს საკუთრება.
„ბიზნესმენები საქართველოში, თავისუფალი ბიზნესისათვის“ წარმომადგენელთა განცხადებით, აღნიშნულ საქმეში პრეზიდენტთან ერთად ბაჩო ახალაიაც ფიგურირებს. თირდია აღნიშნავს, რომ თვითონ მას კვირა დღეს, სამხედრო პოლიციის შეიარაღებული პირების გარემოცვაში და ნოტარიუსის თანხლებით ეკონომიკის სამინისტროში, ამ უწყების იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მონაწილეობით გადააფორმებინეს წილი. ქარხნის დანარჩენ 26 აქციონერს კი, აქციების დათმობა უკვე მეორე დღეს, თბილისში მარჯანიშვილის 5-ში მდებარე ნოტარიუსის შენობაში აიძულეს.
უფლებადამცველთა ჯგუფის განცხადებით, დაახლოებით ანალოგიური ისტორია აქვთ თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მესაკუთრეებსაც - სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეს ავთო საყვარელიძესა და ამავე ქარხნის გენერალურ დირექტორს მირიან დეკანოიძეს.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფიზიკური განადგურების მუქარით, ნიღბიანი რაზმისა და ძალადობის გამოყენებით, ღამის პირველ საათზე მარჯანიშვილის ქუჩაზე ნოტარიუსის ოფისში, ნოტარიუს ოთარ ზოიძის მონაწილეობით მათ 20-მდე შეიარაღებული ნიღბიანი ჯალათების გარემოცვაში აიძულეს მოძალადეების სასარგებლოდ დაეთმოთ საზოგადოების აქციების პაკეტი, ხოლო გადაფორმების პროცედურას ხელისუფლებიდან დავით კეზერაშვილი, დავით ბეჟუაშვილი და ირაკლი ეზუგბაია, ძალოვნებიდან კი, ფინანსური პოლიციის უფროსი დავით ქარსელაძე კურირებდა.
უფლებადამცველი ჯგუფი „ბიზნესმენები საქართველოში, თავისუფალი ბიზნესისათვის“ ხელისუფლების მიერ დაზარალებულ მოქალაქეებსა და ბიზნესმენებს მიმართავს მსგავს საკითხებზე ორგანიზაციას ინფორმაცია მიაწოდონ.
„ჩვენი მიზანია ხელისუფლების მხრიდან მოქალაქეებისა და ბიზნესმენების მიმართ დანაშაულებრივი მოქმედებების გამოვლენა და ამის შესახებ საზოგადოების ინფორმირება“ - აცხადებენ საინიციატოვო უფლებადამცველთა ჯგუფში.
