შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სასწავლო წელი დაიწყო. როგორც „ნიუსპრესს“ უნივერსიტეტიდან აცნობეს, საგანმანათლებლო
პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით სტუდენტებთან შეხვედრები იგეგმება. პირველი ასეთი შეხვედრა დღეს გაიმართება და სტუდენტებს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორები გიზო ჟორდანია, მიხეილ კობახიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, გოგი დოლიძე და ვასილ კიკნაძე შეხვდებიან.
სტუდენტებთან შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორი ნოშრევან ჩხაიძე უნივერსიტეტის განვითარების კონცეფციისა და შესრულებული სამუშაოების სესახებ განცხადებას გააკეთებს.
როგორც უნივერსიტეტში აღნიშნეს, დრამისა და კინო-ტელე ფაკულტეტის ჯგუფებს ქართული თეატრის, კინოს, ანიმაციის, ფოლკლორისა და ქორეოგრაფიის მიმართულების ოსტატები უხელმძღვანელებენ.
რუსთაველის თეატრის პროექტის ფარგლებში შექმნილ ჯგუფს, რაც თეატრთან მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს, გიზო ჟორდანია უხელმძღვანელებს.
ბაკალავრიატის საფეხურის დრამისა და კინომსახიობთა ჯგუფებს რეჟისორები - გოჩა კაპანაძე, გოგი თოდაძე, გიორგი სიხარულიძე და მანანა კვირკველია წარუძღვებიან, ხოლო მხატვრული კინორეჟისურის საბაკალავრო ჯგუფს კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე უხელმძღვანელებს.
სამაგისტრო საფეხურზე კინორეჟისურის მიმართულების ჯგუფში მერაბ კოკოჩაშვილია მიწვეული.
