ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედის შენობაში შეჭრილი დევნილების საკითხს
შესაბამისი უწყებები რამდენიმე დღეში განიხილავენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ნიჭიერთა ათწლედის დირექტორის მოადგილემ გია ნარეშელმა განუცხადა.
მისი თქმით, შეჭრის ფაქტი სამართალდამცავებმა დააფიქსირეს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში იქნება მიღებული.
აფხაზეთიდან დევნილები ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის ნიჭიერთა ათწლედის შენობაში წუხელ, გვიან ღამით შეიჭრნენ.
როგორც ისინი აცხადებენ, აღნიშნულ შენობაში 2010 წლამდე ცხოვრობდნენ, საიდანაც ხელისუფლებამ სხვადასხვა საერთო საცხოვრებლებში შეასახლა. თუმცა დევნილების თქმით, ხელისუფლების დაპირებები ნორმალურ საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით არ შესრულდა.
ისინი ან აღნიშნული ფართის დაკანონებას, ან ალტერნატიულ საცხოვრებელს მოითხოვენ.
აღნიშნული შენობა ნიჭიერთა ათწლედის ხელმძღვანელობამ 2 თვის წინ შეიძინა და მის გარემონტებას გეგმავდა.
