საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემები „აუდიტორია“ და „ვახო სანაიას რეპორტაჟი“ დაიხურა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია გადაცემების წამყვანებმა ეკა ხოფერიამ და ვახო სანაიამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოაქვეყნეს.
„გადაცემა „აუდიტორია“ დამიხურეს. დღეს, ჯერ კიდევ შუადღისას, მთხოვეს, გადაცემა რაც შეიძლება მალე გასულიყო ეთერში. მე მხოლოდ ორი თხოვნა მქონდა: ეს ყოფილიყო ღია ეთერი და სრული თავისუფლება თემების შერჩევისას. ცხადია, "აუდიტორია" შეინარჩუნებდა მის ფორმატს - საზოგადოებრივ-სოციალურ თოქ-შოუს და არ იქნებოდა პოლიტიკური. ამ საუბრიდან ზუსტად 3 საათში ჭანტურია შემხვდა და მითხრა, რომ ის "აუდიტორიას" აჩერებს და რომ მას არ უნდა მიტინგები ტელევიზიის კიბეებთან“ - წერს ეკა ხოფერია საკუთარ გვერდზე „ფეისბუქში.
მსგავს განცხადებას აქვეყნებს ვახო სანიაც. მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა შეთანხმება დაარღვია და გადაცემის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
„გია ჭანტურიამ შეთანხმება დაარღვია და ჩემი გადაცემა გააჩერა. პირდაპირ მითხრა, რომ მე მისთვის პრობლემა ვარ და ჩემი გადაცემა პოლიტიკურ პროცესებზე არ აწყობს“- წერს ვახო სანაია.
