ხვალ სახალხო დღესასწაულის „თბილისობის“ მეორე დღეა. როგორც „ნიუსპრესს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, წელს „თბილისობის“ დღესასწაული 34-ედ აღინიშნება.
მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიებებით თბილისის ძველი უბანი და მისი მიმდებარე ტერიტორიები დაიტვირთება.
ხვალ 12:00 საათზე, „თბილისობის“ ფარგლებში, მეიდანზე ტრადიციულად საწნახელი დაიდგმება და „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება, 19:00 საათზე კი, ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტია დაგეგმილი. 12:00-20:00 საათამდე მეიდანზე დამთვალიერებლებისთვის მეტეხის ხიდზე ავტოშოუ მოეწობა.
ხვალვე, 12:00-20:00 საათებში მუსიკალური პროგრამის თანხლებით, მტკვარზე ტივით გასეირნებაა დაგეგმილი, გალერეა „გვირაბში“ კი, ამავე საათებში თბილისის საერთაშორისო სამხატვრო პლენერზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება.
შარდენის ქუჩაზე ბამბისა და რკინის რიგში თბილისელებს 12:00-16:00 საათამდე ხილის ფესტივალზე დასწრება შეეძლებათ. დროის აღნიშნულ მონაკვეთში, პურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბაზიერების შოუ გაიმართება.
თბილისელი პატარებისთვის 14:00 საათზე მეიდანზე კონკურს „ანაბანას“ კონცერტი გაიმართება, ხოლო რიყის პარკში მსურველებს 13:00-17:00 საათამდე ძველ ქართული სპორტულ თამაშობებზე დასწრება და მონაწილეობის მიღება შეეძლებათ.
ამასთან, სიონის სკვერში 14:00-20:00 საათებში მუსიკალური ჯგუფების -L section, Me&my monkey, Salio, zurgi კონცერტია დაგეგმილი. 17:00-19 საათებში კი, თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს რიყის პარკის ამფითეატრში ახალგაზრდა პოეტები და მხატვრები დახვდებიან.
აბანოთუბანში 12:00-19:00 საათებში ხალხური რეწვის გამოფენა და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტია დაგეგმილი.
„თბილისობა 2012“ 7 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
