ტელეკომპანია „მაესტროს“ კუთვნილ სატელიტურ ანტენებს ყადაღა მოეხსნა და მათი დარიგება უახლოეს მომავალში დაიწყება - განუცხადა „ნიუსპრესს“ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ღლონტმა.
მისი თქმით, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ რომ დარჩენილიყო ანტენებს ყადაღა არც არჩევნების შემდეგ მოეხსნებოდა.
„რა თქმა უნდა, ეს მათ საკუთარი ნებით არ გაუკეთებიათ. შესაძლოა, ახლა მათ უკვე აწყობთ ობიექტური მედიასაშუალება და ამიტომაც გააკეთეს. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდოდა სათავეში, ყადაღა ანტენებს ისედაც მოეხსნებოდა“ - განაცხადა ღლონტმა.
მისი თქმით, ანტენების დარიგება ტელეკომპანიის გეგმის თანახმად დაიწყება.
მთავარი პროკურატურის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „მაესტროს“ სატელიტური ანტენები და მიმღებები 11 ივლისს დააყადაღა.
პროკურატურის მტკიცებით, „მაესტროს" ანტენები პოლიტიკურ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული კომპანიის - შპს „ელიტა-ბურჯის" წარმომადგენელთა მითითებით, თვალთმაქცური გარიგებების გზით შემოჰქონდა და ისინი „ქართული ოცნების" სასარგებლოდ, ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით უნდა დარიგებულიყო.
